საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მოგესალმებით, ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ოფიციალური ვებ-გვერდის სტუმრებს.

ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში და ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გამყარებასა და შემდგომ განვითარებას შევუწყო ხელი.

მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალური ვებ-გვერდი, რომლის მთავარი მიზანი საზოგადოებასთან მჭიდრო კომუნიკაცია და მომხმარებლისთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებაა.

ამავდროულად, საელჩოს ვებ-გვერდი ერთ-ერთი ყველაზე სანდო წყარო გახდება და დახმარებას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზნით შეხება ექნებათ ბულგარეთის რესპუბლიკასთან. ასევე, არსებული ვებ-გვერდით შესაძლებლობა გექნებათ  მოიპოვოთ  ყველა საჭირო ინფორმაცია საქართველო-ბულგარეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე.

საქართველო-ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 25 წელზე მეტს ითვლის. ჩემი მთავარი ამოცანა, იმ ტრადიციების და პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელება და ახალ სიმაღლეზე აყვანა იქნება, რომელიც საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას აკავშირებთ.

ბულგარეთის რესპუბლიკა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ღრმად მწამს, რომ ჩემი ხელმძღვანელობის პირობებში ეს ურთიერთობები კიდევ უფრო დაიხვეწება და განვითარდება.

ბულგარეთის რესპუბლიკასთან პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო, კულტურის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ და ვეცდებით იგი ხარისხობრივად ახალ ეტაპზე ავიყვანოთ.

ჩემთვის დიდი პატივია ვიმსახურო როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა ბულგარეთის რესპუბლიკაში და მოხარული ვიქნები, თუ ჩემი მისიის პერიოდში მოკრძალებულ წვლილს შევიტან საქართველო-ბულგარეთის დაახლოების და თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.

მადლობას მოგახსენებთ, რომ ბულგარეთში საქართველოს საელჩოს საქმიანობით ინტერესდებით. 

 

პატივისცემით,
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
ბულგარეთის რესპუბლიკაში
თამარ ლილუაშვილი