საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბულგარეთის პრეზიდენტმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პირველი ხარისხის ოქროს ორდენით დააჯილდოვა

3 ივლისს ბულგარეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონი ზურაბ ბერიძის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ბულგარეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა საზეიმო ცერემონია. ბულგარეთის პრეზიდენტმა ბატონმა რუმენ რადევმა დააჯილდოვა ბ-ნი ზურაბ ბერიძე ბულგარეთისმადარის ცხენოსნის" პირველი ხარისხის ოქროს ორდენით, რომელიც ბულგარეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გადაეცემათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის ბულგარეთთან ორმხრივი ურთიერთობების დამყარების, გაძლიერებისა და განვითარებისთვის.

ბულგარეთის პრეზიდენტმა ბატონმა რუმენ რადევმა დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩს ბატონ ზურაბ ბერიძესა და დამსწრე საზოგადოებას:

„თქვენო აღმატებულებავ ბატონო ელჩო, პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია გადავცე ბულგარეთის „მადარის ცხენოსნის“ პირველი ხარისხის ოქროს ორდენი მის აღმატებულება ბ-ნ ზურაბ ბერიძეს. ეს არის აღიარება მისი დიდი პირადი წვლილისა საქართველოსა და ბულგარეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში და გამოხატულება ჩვენი სურვილისა კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს ურთიერთობები. საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთობები აგებულია ჩვენს ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვან კავშირებზე, ისტორიულ სიახლოვესა და ჩვენს ერებს შორის მეგობრობაზე. ჩვენი ურთიერთობები ჩამოყალიბდა ინტენსიური პოლიტიკური დიალოგითა და ორმხრივი თანამშრომლობით. ბულგარეთი საქართველოს მიიჩნევს კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად. ბულგარეთი არის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებს. უფრო მეტიც, 2017-2018 წლებში ბულგარეთის საელჩო საქართველოში არის საქართველოს საკონტაქტო საელჩო "ნატო"-სთან. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბულგარეთი რჩება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ საქართველოში.
ელჩი ბერიძის მანდატის დროს, განსაკუთრებით ინტენსიურად განვითარდა საქართველო - "ნატო"-ს ურთიერთობები. ამ პერიოდის განმავლობაში და პირადად ბატონი ბერიძის დამსახურებით მოხდა შეხვედრების ორგანიზება პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის სპიკერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე.
ელჩმა ზურაბ ბერიძემ ასევე დიდი წვლილი შეიტანა ორ ქვეყანას შორის ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის განახლებაში ვაჭრობის, ეკონომიკის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მისი ხელშეწყობით, მოხდა მდიდარი ქართული კულტურის პოპულარიზაცია. არ შემიძლია არ აღვნიშნო საქართველოს ეროვნული ბალეტის "სუხიშვილები" კონცერტები, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ბულგარეთში. დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენი უზარმაზარი ძალისხმევისთვის და მიღწეული წარმატებებისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების საკითხში. გისურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში, ჯანმრთელობას და უხვ ენერგიას. არ დაივიწყოთ ბულგარეთი და თქვენი ბულგარელი მეგობრები.