საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით ეწვია ბულგარეთის რესპუბლიკას

2019 წლის 16 აპრილს, საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით ეწვია ბულგარეთის რესპუბლიკას. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ვიზიტის ფარგლებში მამუკა ბახტაძემ პირისპირ და, შემდგომ, გაფართოებული შემადგენლობით გამართა შეხვედრები ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან ბოიკო ბორისოვთან და ბულგარეთის პრეზიდენტთან რუმენ რადევთან. აგრეთვე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრებს დავით ზალკალიანსა და ეკატერინ ზახარიევას შორის.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მაღალ დონეს, დღის წესრიგში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს და განსაკუთრებულად გაესვა ხაზი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალს და მისი გამოყენების შესაძლებლობებს.

ხაზგასმულ იქნა შავი ზღვის აუზში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა, მათ შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო დერეფანს და საბორნე მიმოსვლის განვითარებას.

ვიზიტმა წარმატებულად ჩაიარა და მხარეები შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მაღალი დონის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.