საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ინტერვიუ ბულგარეთის ნაციონალურ რადიოსთან

ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა თამარ ლილუაშვილმა ინტერვიუ მისცა რადიოკომპანიას სახელწოდებით „ბულგარეთის ნაციონალურ რადიო - ქრისტო ბოტევი“, სადაც მან ისაუბრა ბულგარეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის განვითარების შესახებ.

ინტერვიუში ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის რამდენიმე წინგადადგმულ ნაბიჯს, კერძოდ იმას, რომ:

  • საქართველოსა და ბულგარეთს შორის ტურიზმის სფერო გააქტიურდა;
  • შეთანხმებულ იქნა პირდაპირი ჩარტერული ავიარეისის დანიშვნა ქალაქ ვარნადან. აღსანიშნავია, რომ  წლებია ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ განხორციელებულა;
  • გამართულ იქნა ქართველ და ბულგარელ ტუროპერატორთა შეხვედრები.

საქართველოს ელჩმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ პირველი პირდაპირი ჩარტერული ავიარეისი ქალაქ ვარნადან შეთანხმებული იყო მაისის თვეში, რომლის განხორციელებასაც პანდემიამ შეუშალა ხელი.

„საქართველო დასახელებულია როგორც "მწვანე ქვეყანა", ეს ყველაფერი კი გვაძლევს შესაძლებლობას ვიფიქროთ, რომ უახლოეს მომავალში გამოჩნდებიან დაინტერესებული კომპანიები  და შევძლებთ  ბულგარეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის ამოქმედებას.

ბულგარელი ხალხის მხრიდან საქართველოს მონახულების ინტერესი და სურვილი დიდია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომივიდა იდეა მცირე სატრანსპორტო მარშრუტის დანიშვნის შესახებ, რომელმაც შესაძლოა სხვადასხვა კომპანიების ყურადღება მიიქციოს. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება თვალშისაცემი შედეგები.“- თამარ ლილუაშვილი.