საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე არის საქართველოს სახელმწიფოს უპრეცენდენტო საერთაშორისო გამარჯვება, რომელმაც ცალსახად, სამართლებრივად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოსა რუსეთ-საქართველოს ომის დროსა და შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაა, რომელმაც იურიდიულად დაადასტურა რუსეთის ბრალეულობა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის - სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების 12 წლიანი ძალისხმევის შედეგი და კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ განვაგრძოთ აქტიური მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების, საქართველოს განუყოფელი რეგიონების დეოკუპაციისა და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ქვეყნის გამთლიანების მიმართულებით.