საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ბულგარეთის რესპუბლიკაში საგანგებო ეპიდემიური მდგომარეობა გახანგრძლივდა 2021 წლის 30 აპრილამდე! ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვები გარკვეულწილად შეიცვალა და ისინი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 26 იანვრის ბრძანების თანახმად, საქართველო შეყვანილია იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებსაც შეუძლიათ შემოსვლა ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. აღნიშნული ბრძანება მოქმედებს 2021 წლის 30 აპრილამდე.
  • ევროკავშირის წევრი და შენგენის სივრცის წევრი სახელმწიფოებიდან საქართველოს მიმართულებით მგზავრ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლაც და მისი ტრანზიტულად გავლაც. აგრეთვე, პირდაპირ საქართველოდან მომავალ საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ ბულგარეთში შემოსვლა. ასევე, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან შემომავალ საქართველოს მოქალაქეებს.
  • 2021 წლის 29 იანვრიდან, ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემომსვლელი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოა ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა (ნეგატიური შედეგით). აღნიშნული არ ეხება მხოლოდ საერთაშორისო მარშრუტების განმახორციელებელი ავტობუსების მძღოლებს, საერთაშორისო გადაზიდვებით დაკავებული სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, საზღვაო და საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის წევრებს და იმ პირებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიის ტრანზიტისთვის გამოიყენებენ.
  • ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით საქართველოში დაბრუნების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2020 წლის 30 დეკემბრიდან საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გზით, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესასვლელად, საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი საბუთი. ტესტის არქონის შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემავალი პირები დაექვემდებარებიან 7 დღიან კარანტინს. (აღნიშნული რეგულაცია მოქმედებს 2021 წლის 1 მარტამდე)
  • სახმელეთო გზით საქართველოში მგზავრობის დაგეგმვისას, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თურქეთის რესპუბლიკაში შესასვლელად, აუცილებელია საქართველოს მოქალაქის პასპორტს/პირადობის დამადასტურებელ მოწმობას საზღვრის კვეთის მომენტისთვის, მოქმედების ვადა ჰქონდეს მინიმუმ 3 თვე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკაში (თუნდაც ტრანზიტულად) ვერ შეძლებთ შესვლას.