საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ბულგარეთის პრიორიტეტების გასაცნობად გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო

23.01.2018 ქ.თბილისი - თბილისში გაიმართა ბულგარეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ოფიციალური მიღება, რომელზეც ბულგარეთის ელჩმა საზოგადოებას გააცნო ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, მ/წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე, ქვეყნის მთავარი პრიორიტეტები.

ბულგარეთის ელჩთან და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ერთად მიღებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, რომელმაც მიულოცა და წარმატება უსურვა ბულგარეთს ამ საპატიო და ამავდროულად ძალზედ საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში.

სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ მახარობლიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ ახალ საგზაო რუკაზე, რომელიც საქართველოს ევროპული დღის წესრიგის მთავარ მიმართულებებს განსაზღვრავს და ახალ დინამიურობას სძენს ევროკავშირთან ურთიერთობებს. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ბულგარულ მხარეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გაწეული მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მათი თავმჯდომარეობის პერიოდში კიდევ უფრო მეტად მოხდება საქართველოს დაახლოვება ევროკავშირთან.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.